Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორმა პროგრამამ ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მოიპოვა. კერძოდ, საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღეს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

FIBAA-ს აკრედიტაცია წინ გადადგმული ნაბიჯია ISET-ისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.